Georgian   |    English    |    Russian    
 
 
   
   სან-კამილოს დღის ცენტრი:.

   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ამ საზოგადოებაში არსებული რესურსების გამოყენების ან ახალი რესურსების შექმნის უფლებით უნდა სარგებლობდნენ. ჩვენ ვქმნით რესურსებს და შესაძლებლობას,რომ ეს რესურსები იყოს ხელმისაწვდომი.

   შშმ პირები, ხშირად, სახლებში სხედან და მოკლებულნი არიან საზოგადოებაში გამოსვლისა და სოციალური ურთიერთობების  დამყარების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა სახლი, სადაც მიმდინარეობს მეცადინეობები როგორც ინდივიდუალურად, ისე 8-10 კაციან ჯგუფებში. ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ხელმძღვანელობით ტარდება თერაპია, რომელიც ეხმარება პაციენტს საკუთარი თავის შეცნობასა და გახსნაში. ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ მრავალფეროვანი ჯგუფებიდან მათთვის საჭიროსა და სასურველს .

არტ-თერაპია_ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს აზრების, გრძნობების, ემოციების გამოხატვას შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებით. სხვადასხვა სახის ზედაპირზე ხატვა, ფერწერა ბენეფიციარს საშუალებას აძლევს გამოავლინოს საკუთარ უნარ-შესაძლებლობები და ამასთან განიტვირთოს და შეიცნოს საკუთარი თავი.

მუსიკოთერაპია_ჯგუფში მუშაობა ხორციელდება მუსიკოთერაპიის აქტიური და პასიური ფორმების გამოყენებით. აქტიური ფორმა მოიცავს მუშაობას ბგერასა და სასიმღერო სუნთქვაზე, სიმღერების შესწავლას, აერობიკას, ცეკვების შესწავლას. ორფის მეთოდით ინსტრუმენტებთან მუშაობას. პასიური ფორმა მოიცავს რელაქსაციას მუსიკის, შუქის და არომათერაპიის გამოყენებით, მასაჟისა და მასაჟორების გამოყენებით, მუსიკისა და სიტყვების გამოყენებით

ჯგუფში ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა დღესასწაულების აღსანიშნავად დაგეგმილი კონცერტებისა და სპექტაკლებისთვის.

ერგო-თერაპია_ჯგუფის მიზანია ბენეფიციართა ჩართვა, ინდივიდუალური თავისებურებების, უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შერჩეულ, სხვადასხვა ხელსაქმეში. აქცენტი კეთდება საქმიანობაში მრავალფეროვანი მასალებისა და ტექნიკის გამოყენებაზე. ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და განსხვავებული ტექნიკის კომბინაციით მუშაობის პროცესში, ბენეფიციართა უშუალო ჩართულობით ღირებული პროდუქტის შექმნა, ხელს უწყობს პიროვნების თავდაჯერებულობის, შრომისუნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

კომპიუტერი _ჯგუფი მიზნად ისახავს ბენეფიციარის გონებრივი განვითარების ხელშეწყობას, ბენეფიციარისთვის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების სწავლებას, სხვადასხვა თერაპიული მეთოდების გამოყენებას კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, (მაგ. ფილმოთერაპია, ბიბლიოთერაპია და სხვ...) კომპიუტერული კლასი აღჭურვილია თითოეული ბენეფიიარისთვის საჭირო მოწყობილობებით. მაგ. სპეცმაუსი, სკრინრიდერები და სხვ...

ქარგვა-გობელენი _ ჯგუფში მუშაობა ხელს უწყობს ფანტაზიის, მსოფლმხედველობის, წარმოსახვის, გარესამყაროს აღქმის უნარის გაუმჯობესებას. ქსოვის, ქარგვის განსხვავებული ტექნიკებისა და განსხვავებული მასალების გამოყენება საშუალებას აძლევს ბენეფიციარებს გამოავლინონ ინდივიდუალურობა, განახორციელონ ჩანაფიქრი და იგრძნონ მიზნის მიღწევით გამოწვეული კმაყოფილება. მუშაობის პროცესში ვითარდება თვალის და ხელის კოორდინირებული მოქმედება, ხდება წვრილი მოტორული უნარებისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ჯგუფი მუშაობისას იყენებს ქარგვის, ქსოვისა და კერვის მრავალფეროვან და ორიგინალურ მეთოდებს გობელენების, მძივების, დეკორაციული სათამაშოების და სხვა პროდუქტის შესაქმნელად.   

ხეზე კვეთის სახელოსნო _ხესთან მუშაობა წარმოებს სადურგლო სახელოსნოში. ეს, შშმ პირთათვის მეტად საპასუხისმგებლო პროცესი ავითარებს სიყვარულს ფიზიკური შრომისადმი, ასევე შემოქმედებით და ჯგუფში მუშაობის უნარებს. ბენეფიციარები სწავლობენ ხისგან სხვადასხვა ფორმების გამოჭრას, ხის დამუშავებას და შეწებებას. ამავე სახელოსნოში სრულდება შეკვეთები, იქმნება მასალა, რომლის გამოყენებითაც, ორგანიზაციის სხვა ჯგუფები ქმნიან უკვე მზა ნაწარმს. სადურგლო სახელოსნო თანამშრომლობს არტ-თერაპიის და ერგოთერაპიის ჯგუფებთან. ბენეფიციარებს მოსწონთ ერთად მუშაობა და ყოველთვის განწყობილნი არიან თანამშრომლობისკენ.

თიხის სახელოსნო _კერამიკის სახელოსნოში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ქართული მასალების  (ქსნის და ნორიოს თიხები) გამოყენებით. სამუშაო პროცესი მოიცავს რამდენიმე ტექნიკას: ძერწვას, დაყალიბებას, სველი და მშრალი ტექნიკით ამოყვანას. ნამუშევრის სველ მასალაში დასრულების შემდეგ ხდება პირველი გამოწვა (უტილი-ბისკვიტი 820 გრადუსი). პირველი გამოწვის შემდგომი ეტაპია ნამუშევრის მოხატვა-მოჭიქურება. მოხატვა მიმდინარეობს ფერადი ჭიქურებით და ჭიქურქვედა საღებავებით. ე.წ. ანგობებით. მოხატვის დასრულების შემდგომ გამჭვირვალე ან ფერადი ჭიქურით ხდება ნამუშევრის მოჭიქურება. ნამუშევრის მოხატვა-მოჭიქურების შემდგომ ხდება მისი დამასრულებელი გამოწვა 980 გრადუს ცელსიუსზე.

 ბენეფიციარებთან ერთად თიხის სახელოსნოს სტუმრობს ნებისმიერი მსურველი, რაც ხელს უწყობს შშმ პირთა სოციალური ურთიერთობების გაფართოებას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში.

ინდივიდუალური სწავლება_ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სწავლება, ემყარება თითოეული ბენეფიციარის უნარების შეფასებას და ფოკუსირებულია მათი შესაძლებლობების განვითარებაზე. სასწავლო პროგრამაში შესულია საგანმანათლებლო საგნები: ქართული, მათემატიკა და სოციალური უნარ-ჩვევები. ძირითადი აქცენტი კეთდება სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავს ქუჩაში უსაფრთხოდ სიარულის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის, ფულის ნიშნების ცნობის და გამოყენების და სხვა სახის უნარებს და  მნიშვნელოვანია ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრაცისთვის. მეთოდური სწავლება მიმდინარეობს სურათ-ხატებით, აპლიკაციებით, ბარათებით. გაზაფხულობით იგეგმება პრაქტიკული გაკვეთილები, რაც ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოავლინონ და განიმტკიცონ შეძენილი ცოდნა.

 

1369480170_q1.jpg 

    დღის ცენტრში არსებული, მრავალფეროვანი ყოველდღიურობის გარდა, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სპექტაკლებისა და საზეიმო ღონისძიებების მოწყობას, ექსკურსიებს ქალაქგარეთ და ზღვაზე. 


 

 

 
 
 
 
 
 
 

       

დაგვიკავშირდით