სახელმწიფო პროგრამები

ადრეული განვითარება
მთავარი | სახელმწიფო პროგრამები

ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალი საქართველოში მონაწილეობს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში.

პროგრამის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.

პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.

მომსახურება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს. მომსახურების მიწოდება ხდება სახლში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მომსახურება გაეწიოს სხვა, ოჯახისთვის ხელსაყრელ ადგილას.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება.

პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა მოიპოვოს სახელმწიფოსგან მატერიალიზებული  ვაუჩერი.

ვაუჩერის მისაღებად საჭიროა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში - დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).