რა არის მოხალისეობა?
მოხალისეობა არის თავისუფალი ნების საფუძველზე, პირადი არამატერიალური დაინტერესებით განპირობებული, საზოგადოების სასიკეთოდ განხორციელებული საქმიანობა, რომელის მიზანია სოციალური სარგებლის მოტანა. მოხალისეობრივი საქმიანობა არსებითად მიმართულია არა თავად მოხალისის, არამედ სხვა პირის, პირთა ჯგუფის ან ზოგადად, საზოგადოების სასარგებლოდ. წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმეს და აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმს. თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენება, ახალი ინტერესის სფეროს გაჩენა, ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, საკუთარი ინიციატივების განხორციელება, სოციალური სარგებლიანობის შეგრძნება, ახალი ადამიანების გაცნობა, პროფესიული გამოცდილების შეძენა - ეს მოტივაციის ის ფორმებია, რომლებიც შეიძლება ამოძრავებდეს მოხალისეს და ისინი ხშირად გაცილებით უფრო მაღალი ღირებულებისაა ვიდრე მატერიალური სარგებლის მიღება.
მოხალისეები კამილიელთა ცენტრში
კამილიელთა სამედიცინო ცენტრი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მოხალისეობრივი სფეროს განვითარებას. ცენტრს ხშირად სტუმრობენ მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდამ. ისინი თავიანთი პროფესიის და ინტერესების გათალისწინებით ნაწილდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში და თავიანთი წვლილი შეაქვთ ცენტრის საკეთილდღეოდ მუშაობაში. კამილიელთა ცენტრის ტერიტორიაზე არსებობს სპეციალურად მოწყობილი მოხალისეთა სახლი, სადაც მოხალისეები ცხოვრობენ.
ცენტრს ასევე ჰყავს ქართველი მოხალისეები, რომლებიც ორგანიზაციის თანამშრომლებს ეხმარებიან ყოველდღიურ საქმიანობის განხორციელებაში.