კამილიელთა სამედიცინო ცენტრი მონაწილეობს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში.
პროგრამის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.
პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.
მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს. მომსახურების მიწოდება ხდება სახლში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მომსახურება გაეწიოს სხვა, ოჯახისთვის ხელსაყრელ ადგილას.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება.
პროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა მიიღოს სახელმწიფოსგან მატერიალიზებული ვაუჩერი.
ვაუჩერის მისაღებად საჭიროა მიაკითხოთ სოციალური მომსახურების რაიონულ განყოფილებას, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
■ პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
■ კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში - დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში - მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
■ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
■ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა).