ბლოგი

ბავშვის ჩაგვრა (Bullying)
მთავარი | ბლოგი

“ბულინგი“ იგივე ჩაგვრა/აბუჩად აგდება არასასურველი, აგრესიული სახის ქცევაა, რომელიც უმეტესად სკოლის ასაკის ბავშვებში ვლინდება.

ჩაგვრა/აბუჩად აგდება შეიძლება იყოს ვერბალური (მაგალითად, ნეგატიური, დამამცირებელი კომენტარების გაკეთება, ყვირილი, ჭორების გავრცელება), ან ფიზიკური  (მაგალითად, დარტყმა, ნივთების სროლა). ბიჭები უფრო ხშირად განიცდიან ფიზიკურ ჩაგვრას, ხოლო გოგონები კი - ფსიქოლოგიურს. 

ყველაზე დაუცველი ბავშვები ზეწოლის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ისინი ხშირად მარგინალიზებული თემის წევრები არიან, ღარიბი ოჯახის შვილები, სხვადასხვა გენდერული იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მიგრანტი ან ლტოლვილი ბავშვები.

შესაძლოა ჩაგვრა განხორციელდეს დისტანციური გზითაც - ტექსტური შეტყობინების, ელ. ფოსტის, სატელეფონო ზარისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით.

ხშირ შემთხვევაში ჩაგრული ბავშვი არ საუბრობს საკუთარ პრობლემებზე მშობლებთან. თუმცა შეიძლება არსებობდეს  ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს ჩაგრავენ და სჭირდება უფროსების მხრიდან მხარდაჭერა.  ამ ნიშნების დროულად იდენტიფიცირებისთვის  მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს ხომ არ შეცვლილა ბავშვის ქცევა.

ქვემოთ მოცემულია ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს ბავშვის ჩაგვრაზე։

  • ფიზიკური ნიშნები, როგორიცაა აუხსნელი სისხლჩაქცევები, ნაკაწრები, ჭრილობები;
  • აქვს ფიზიკური ჩივილები, როგორიცაა: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და სხვა;
  • ბავშვი არ საუბრობს იმაზე, თუ რატომ ან სად დაკარგა სათამაშოები, სკოლის ნივთები, ტანსაცმელი, საჭმელი, ან ფული;
  • ბავშვი მოულოდნელად კარგავს ინტერესს სასკოლო დავალებების შესრულების მიმართ, უარესდება მისი აკადემიური მოსწრება;
  • მეგობრების მოულოდნელად დაკარგვა ან სოციალური სიტუაციების თავიდან აცილება
  • ჰყავს ძალიან ცოტა მეგობარი, შეზღუდული რაოდენობის ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, ან სულაც არ ჰყავს მეგობრები;
  • ცდილობს დარჩეს მოზრდილებთან ახლოს
  • აქვს ძილის პრობლემები, კოშმარები;  შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ლოგინში ჩასველებასაც;
  • არის გაღიზიანებული და აგრესიული;

ბულინგმა შეიძლება გამოიწვიოს მავნე და ხანგრძლივი შედეგები ბავშვებისთვის. ბულინგის ფიზიკური ეფექტის გარდა, ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ემოციური და ფსიქიკური პრობლემები. არანაკლებ საფრთხილოა კიბერბულინგი, რომელსაც შეუძლია მსხვერპლს სერიოზული ზიანი მიაყენოს, ვინაიდან ინტერნეტში განთავსებული ნებისმიერი შინაარსის ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა საკმაოდ მარტივია.

განმეორებადმა ჩაგვრამ შეიძლება ძლიერი ემოციური ზიანი მიაყენოს ბავშვს და მის თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მოხდეს დროული და სწორი რეაგირება, ამიტომაც გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

დაიწყეთ მასთან საუბარი!  აუხსენით ბავშვს თუ რას ნიშნავს ჩაგვრა. რა შეიძლება გამოიწვიოს, როგორ მოქმედებს ეს სხვა ადამიანებზე. მას შემდეგ, რაც მათ ასწავლით, თუ რა არის ბულინგი, უფრო გაუადვილდებათ მისი იდენტიფიცირება.

დარწმუნდით სიმართლეში. ნებისმიერი სახის კამათი ან გაჯავრება ბულინგი არ არის. ბულინგი გულისხმობს განმეორებად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიზანმიმართულ და წინასწარ განსაზღვრულ ჩაგვრას. 

დაუკავშირდით  ბავშვზე პასუხისმგებელ ყველა პირს. საქმის კურსში ჩააყენეთ სკოლის, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა. ასეთ სიტუაციაში მულტიდისციპლინური მიდგომა საუკეთესო გამოსავალია.

დაიცავით კონფიდენციალობა. თუ თქვენ შეიტყვეთ ბულინგის შესაძლო შემთხვევაზე, მაქსიმალურად ეცადეთ საჯაროდ განხილვის საგანი არ გახდეს. თქვენი მიზანი არა მჩაგვრელისათვის სამაგიეროს გადახდა, არამედ არსებული პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ აღმოფხვრაა.

ასწავლეთ ბავშვს თავის დაცვა. პირველი და მნიშვნელოვანი, რაც თქვენს შვილს უნდა აუხსნათ, არის ის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე მჩაგვრელის მოქმედებაზე საპასუხოდ. ბავშვის გაღიზიანებამ და ანალოგიური რეაქციის გამოხატვამ, შესაძლოა გააუარესოს არსებული ვითარება. უმჯობესია, მკაფიოდ გააგებინოს თუ რას ითხოვს მისგან, მაგალითად: „გაჩერდი“, „საკმარისია“. შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში დაელაპარაკოს მოზრდილებს. ეცადეთ, იმდენ ხანს ესაუბროთ ბავშვს ამ საკითხზე, სანამ საკმარისად თავდაჯერებულად არ იგრძნობს თავს.

თუ ფიქრობთ ან იცით, რომ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს ჩაგრავს მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამას რიგი მიზეზების გამო აკეთებს. ხშირ შემთხვევაში მჩაგვრელი ბავშვები თავად არიან ძალადობის მსხვერპლნი ან მომსწრეები. თუ თქვენს შვილს მსგავს ქცევას ამჩნევთ, უპირველეს ყოვლისა, მასთან საუბარი უნდა დაიწყოთ. გამოიკვლიეთ, რატომ იქცევა თქვენი შვილი ასე. იმის გაგება, თუ რატომ ჩაგრავს თქვენი შვილი სხვა ბავშვებს, დაგეხმარებათ იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ მას. თუ მათ უჭირთ აგიხსნათ მიზეზები, შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ სოციალურ მუშაკს, ფსიქოთერაპევტს ან ქცევის თერაპევტს.

ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტისა თუ ქცევითი თერაპევტის კონსულტაციის გავლა კამილიელთა სამედიცინო ცენტრში შეგიძლიათ.