ბლოგი

როგორ წავახალისოთ ბავშვის კარგი ქცევა
მთავარი | ბლოგი

ბავშვები მარტივად ითვისებენ კარგად მოქცევის წესებს, როდესაც თქვენგან იღებენ სწორ, თანმიმდევრულ მითითებებს. ყურადღება გაამახვილეთ არა მხოლოდ მაშინ, როდესაც აკეთებენ ისეთ რამეს რაც თქვენ არ მოგწონთ, არამედ მაშინაც, როდესაც კარგად იქცევიან.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რაც დაგეხმარებათ ბავშვისთვის სწორი ქცევის დასწავლაში.

1. იყავი მისაბაძი მაგალითი

ასწავლეთ ბავშვს თქვენი მაგალითით. ბავშვი აკვირდება თქვენს ქცევას, როგორც გზამკვლევს, თუ როგორ მოიქცეს თავად - მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იქცევით, ვიდრე ის, თუ რას ამბობთ. მაგალითად, თუ გსურთ თქვენი შვილის სამეტყველო ენა გამდიდრდეს ისეთი ფრაზით როგორიცაა: „თუ შეიძლება“, აქტიურად გამოიყენეთ თქვენც. 

2. აჩვენეთ თქვენს შვილს, თუ რას გრძნობთ

გაუზიარეთ თქვენს შვილს ემოცია. ეს მათ დაეხმარება იცოდნენ, როგორ მოქმედებს მათი ქცევა თქვენზე. დაიწყეთ საუბარი პირველ პირში. შედეგად ბავშვს გაუმარტივდება სიტუაციის თქვენი მხრიდან დანახვა. მაგალითად, „მე ტელეფონზე ვერ ვსაუბრობ, რადგან ძალიან ხმაურობ.“

3. აღნიშნეთ, როდესაც ბავშვი კარგად იქცევა

შეაქეთ, როდესაც ბავშვი კარგად იქცევა. მაგალითად, „რა კარგად თამაშობ, როგორ მშვენივრად აწყობ კუბებს მაგიდაზე.“ ზემოაღნიშნული ბავშვთან ურთიერთობისთვის უკეთესი მეთოდია, ვიდრე დაელოდოთ როდის დაყრის სათამაშოებს იატაკზე და ამის გამო უსაყვედუროთ.

4. გულდასმით მოუსმინეთ

გულდასმით მოუსმინეთ რას გეუბნებათ ბავშვი, უთხარით, რომ გესმით თუ რას გრძნობს ის. მაგალითად, „როგორც ჩანს, მართლა ძალიან მოწყენილი ხარ, რადგან არ გინდა შენი კუბებით თამაში.“ მცირეწლოვან ბავშვს თქვენი ეს ჟესტი დაეხმარება დაძლიოს დაძაბულობა და გაუმკლავდეს ისეთ ემოციას, როგორიცაა იმედგაცრუება, რაც ზოგჯერ არასასურველ ქცევას იწვევს. 

5. შეასრულეთ მიცემული პირობა

როდესაც თქვენ ასრულებთ თქვენ მიერ მიცემულ პირობას, ბავშვი სწავლობს თქვენ ნდობას და პატივისცემას. ბავშვს სჯერა, რომ მათ იმედს არ გაუცრუებთ და აზრს არ შეიცვლით. იმ შემთხვევაში, თუ მას შესთავაზეთ, სათამაშოების დროულად ალაგების შემდეგ სასეირნოდ წაიყვანდით, აუცილებლად შეასრულეთ პირობა.

6. შეუქმენით შესაბამისი გარემო

ბავშვის გარშემო არსებულ გარემოს შეუძლია განაპირობოს ბავშვის ქცევა. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილის გარემო არის უსაფრთხო. ბავშვის სათამაშო სივრცეში არ უნდა იყოს მარტივად მტვრევადი ან ისეთი ნივთები, რომელთაც მისი დაზიანება შეუძლიათ.

7. დარწმუნდით, ღირს თუ არა გაბრაზება

სანამ რაიმეში ჩაერთვებით, რასაც თქვენი შვილი აკეთებს, განსაკუთრებით აკრძალვის სახით, მაგალითად, „არა!“, „გაჩერდი“, დაფიქრდით, ნამდვილად აქვს თუ არა ამას რაიმე მნიშვნელობა. ინსტრუქციების, მოთხოვნებისა და ნეგატიური უკუკავშირის მინიმუმამდე შემცირებით, თქვენ ნაკლებ კონფლიქტურ სიტუაციას შექმნით.

8. იყავით მტკიცე წუწუნის მიმართ

როდესაც თქვენს პოზიციას ბავშვის წუწუნის გამო დათმოთ, ეს მას წაახალისებს მომავალშიც ამ გზით მიიღოს მისთვის სასურველი. ასწავლეთ თქვენს შვილს რომ „არა“ ნიშნავს „არა-ს“. 

9. აუხსენი მარტივად და პოზიტიურად

ბავშვისთვის მიცემული ინსტრუქცია უნდა იყოს მოკლე, მკაფიო და მის ასაკთან შესაბამისი. როგორც  წესი, პოზიტიურ ინსტრუქციებს ბევრად ხშირად ასრულებენ, ვიდრე უარყოფით კონტექსტში ნათქვამს. მაგალითად, უკეთესია, თუ ეტყვით „გთხოვ, დახურო კარი“ ვიდრე „კარი ღია არ დატოვო.“

10. მიეცით თქვენ შვილს წარმატების შანსი

ყოველი კარგად შესრულებული დავალებისთვის შეაქეთ. მაგალითად, მიეცით თქვენს შვილს რაიმე მარტივი დავალება ან საქმე, რისი გაკეთებითაც ის თქვენ ან ოჯახს დაეხმარება. ბავშვის შექება მას წაახალისებს და მოტივაციას აუმაღლებს რომ მომავალშიც გააგრძელოს სასარგებლო აქტივობებში ჩართვა.

 

ქცევითი აშლილობა შეიძლება ბევრი მიზეზით იყო გამოწვეული. თუ თქვენი შვილის ქცევას სახლის პირობებში ვერ მართავთ, შეგიძლიათ მიმართოთ კამილიელთა სარეაბილიტიაციო ცენტრის ფსიქოლოგებს.

 

წყარო: Raising Children Network

https://raisingchildren.net.au/toddlers/behaviour/encouraging-good-behaviour/good-behaviour-tips