ბლოგი

ძილის პრომლემები აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში
მთავარი | ბლოგი

განვითარების ადრეულ ეტაპზე ძილი თავის ტვინის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. ძილს კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ზრდის, გონებრივი განვითარებისა და იმუნური სისტემის აღდგენისათვის. ძილი უშუალოდ მოქმედებს სხეულისა და მენტალურ ჩამოყალიბებაზე.

აუტიზმის მქონე ბავშვებთან ხშირია ძილის სირთულეები, რაც შეიძლება მოიაზრებდეს:

  • არასტაბილურ ძილის რეჟიმს
  • ასაკთან შეუსაბამო ძილის ხანგრძლივობას ან/და ღამით ხშირ გაღვიძებას
  • ღამის განმავლობაში 1 საათით ან მეტი დროით ბავშვის აქტიურად გამოღვიძებას და ფხიზლად ყოფნას
  • დღის განმავლობაში გადაჭარბებულ ძილიანობას, რამაც შესაძლოა ღამით უძილობაზე იქონიოს გავლენა

წარმოგიდგენთ დღე-ღამის განმავლობაში ძილის ხანგრძლივობის ცხრილს ბავშვის ასაკის მიხედვით:

აუტიზმის მქონე ბავშვებში ძილის დარღვევამ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, როგორც ყოველდღიურ რუტინასა და ქცევებზე, ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვის დასწავლის ტემპზე და გააუარესოს ბავშვის ზოგიერთი ქცევა.

რჩევები ძილის პრობლემის გადასაჭრელად და ჯანსაღი ძილის ციკლის აღსადგენად:

  • პრობლემის იდენტიფიცირება

დაადგინეთ რა ნაწილში აქვს ბავშვს პრობლემა:

  • დასაძინებლად დაწოლისას
  • ჩაძინებისას
  • აქვს არასტაბილური ძილის ფაზები

 

  • გამორიცხეთ ბიოლოგიური მიზეზი

უძილობის ან ძილის ნებისმიერი პრობლემის დროს რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს. ჩააყენეთ საქმის კურსში თუ რაიმე პრეპარატს იღებს. დამატებითი სამედიცინო საშუალება შეიძლება ჭარბ ძილიანობას ან აგზნებას იწვევდეს, რომელიც ბავშვის დაძინებას ხელს უშლიდეს.

  • მიმართეთ ქცევის თერაპევტს

ქცევის თერაპევტი ბავშვს ასწავლის კონკრეტულ სიტუაციაში მოქცევის წესს. სპეციალისტი მშობელთან ერთად იმუშავებს ისეთი გარემოს შექმნისთვის, რომელშიც ბავშვი მოსვენებულ მდგომარეობაში იქნება და ძილი გაუმარტივდება.

  • ძილის რუტინა

შეიმუშავეთ ძილის რუტინული აქტივობები დაძინების წინ. მაგალითად, ბანაობა, წიგნის კითხვა, სიმღერა. გახსოვდეთ, ძილისპირული აქტივობები უნდა იყოს რეგულარული. უმჯობესია, აქტივობები განახორციელოთ ერთსა და იმავე დროს წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით. დაიცავით ძილის განრიგი. მოერიდეთ ბავშვის გვიან დაძინებას (არაუგვიანეს 21:00 საათისა).

  • მოერიდეთ აქტიურ თამაშს

დაწოლამდე 1-2 საათით ადრე მოერიდეთ აქტიურ, მასტიმულირებელ აქტივობებს, გამოსხივების ან მკვეთრი განათების მქონე ნივთებს (მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი). ეცადეთ, ბავშვი დაკავდეს მომადუნებელი აქტივობით, როგორიცაა: ბანაობა, მუსიკის მოსმენა, ზღაპრის წაკითხვა/მოსმენა.

  • მშვიდი გარემო

ეცადეთ, ბავშვის საძინებელ ოთახში მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო გარემო იყოს. დარწმუნდით, მის ოთახში დაბალი განათება და საშუალო ტემპერატურაა. შეამოწმეთ, რამდენად კარგად გრძნობს თავს საკუთარ საწოლში. ჩააცვით მოსახერხებელი ტანსაცმელი. ყოველთვის დააწვინეთ შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროის შუალედში.

დაიმახსოვრეთ, ძილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ბავშვის განვითარებაში. ძილი დიდ გავლენას ახდენს მეხსიერებასა და დასწავლის უნარის განვითარებაზე.