კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაში 2012 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი, რომელშიც 60 ბენეფიციარი ირიცხება. ცენტრი ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში და უზრუნველყოფს ბენეფიციარების ტრანსპორტირებას, ორჯერად კვებას. დღის განმავლობაში მათ უტარდებათ მეცადინეობები როგორც ინდივიდუალურად, ისე 8-10 კაციან ჯგუფებში. ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ხელმძღვანელობით ტარდება თერაპია, რომელიც ეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა და გახსნაში. უნარ-ჩვევების განვითარებაზე ბენეფიციართან მუშაობენ კვალიფიციური სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, მეტყველების თერაპია.
ბენეფიციარებს აქვთ შესაძლებლობა შეუერთდნენ მრავალფეროვანი ჯგუფებიდან მათთვის საჭიროსა და სასურველს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ამ საზოგადოებაში არსებული რესურსების გამოყენების ან ახალი რესურსების შექმნის უფლებით უნდა სარგებლობდნენ. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას, რომ ეს რესურსები იყოს ხელმისაწვდომი.
არტ-თერაპია
ჯგუფის მიზანია ხელი შეუწყოს აზრების, გრძნობების, ემოციების გამოხატვას შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებით. სხვადასხვა სახის ზედაპირზე ხატვა, ფერწერა ბენეფიციარს საშუალებას აძლევს გამოავლინოს საკუთარ უნარ-შესაძლებლობები და ამასთან განიტვირთოს და შეიცნოს საკუთარი თავი.
მუსიკოთერაპია
ჯგუფში მუშაობა ხორციელდება მუსიკოთერაპიის აქტიური და პასიური ფორმების გამოყენებით. აქტიური ფორმა მოიცავს მუშაობას ბგერასა და სასიმღერო სუნთქვაზე, სიმღერების შესწავლას, აერობიკას, ცეკვების შესწავლას. ორფის მეთოდით ინსტრუმენტებთან მუშაობას. პასიური ფორმა მოიცავს რელაქსაციას მუსიკის, შუქის და არომათერაპიის გამოყენებით, მასაჟისა და მასაჟორების გამოყენებით, მუსიკისა და სიტყვების გამოყენებით.
ჯგუფში ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა დღესასწაულების აღსანიშნავად დაგეგმილი კონცერტებისა და სპექტაკლებისთვის.
ერგო-თერაპია
ჯგუფის მიზანია ბენეფიციართა ჩართვა, ინდივიდუალური თავისებურებების, უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შერჩეულ, სხვადასხვა ხელსაქმეში. აქცენტი კეთდება საქმიანობაში მრავალფეროვანი მასალებისა და ტექნიკის გამოყენებაზე. ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და განსხვავებული ტექნიკის კომბინაციით მუშაობის პროცესში, ბენეფიციართა უშუალო ჩართულობით ღირებული პროდუქტის შექმნა, ხელს უწყობს პიროვნების თავდაჯერებულობის, შრომისუნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
კომპიუტერი
ჯგუფი მიზნად ისახავს ბენეფიციარის გონებრივი განვითარების ხელშეწყობას, ბენეფიციარისთვის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების სწავლებას, სხვადასხვა თერაპიული მეთოდების გამოყენებას კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით, (მაგ. ფილმოთერაპია, ბიბლიოთერაპია და სხვ...) კომპიუტერული კლასი აღჭურვილია თითოეული ბენეფიციარისთვის საჭირო მოწყობილობებით. მაგ. სპეცმაუსი, სკრინ-რიდერები და სხვ...
ქარგვა-გობელენი
ჯგუფში მუშაობა ხელს უწყობს ფანტაზიის, მსოფლმხედველობის, წარმოსახვის, გარესამყაროს აღქმის უნარის გაუმჯობესებას. ქსოვის, ქარგვის განსხვავებული ტექნიკებისა და განსხვავებული მასალების გამოყენება საშუალებას აძლევს ბენეფიციარებს გამოავლინონ ინდივიდუალურობა, განახორციელონ ჩანაფიქრი და იგრძნონ მიზნის მიღწევით გამოწვეული კმაყოფილება. მუშაობის პროცესში ვითარდება თვალის და ხელის კოორდინირებული მოქმედება, ხდება წვრილი მოტორული უნარებისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ჯგუფი მუშაობისას იყენებს ქარგვის, ქსოვისა და კერვის მრავალფეროვან და ორიგინალურ მეთოდებს გობელენების, მძივების, დეკორაციული სათამაშოების და სხვა პროდუქტის შესაქმნელად.
ხეზე კვეთის სახელოსნო
ხესთან მუშაობა წარმოებს სადურგლო სახელოსნოში. ეს, შ.შ.მ. პირთათვის მეტად საპასუხისმგებლო პროცესი ავითარებს სიყვარულს ფიზიკური შრომისადმი, ასევე შემოქმედებით და ჯგუფში მუშაობის უნარებს. ბენეფიციარები სწავლობენ ხისგან სხვადასხვა ფორმების გამოჭრას, ხის დამუშავებას და შეწებებას. ამავე სახელოსნოში სრულდება შეკვეთები, იქმნება მასალა, რომლის გამოყენებითაც, ორგანიზაციის სხვა ჯგუფები ქმნიან უკვე მზა ნაწარმს. სადურგლო სახელოსნო თანამშრომლობს არტ-თერაპიის და ერგოთერაპიის ჯგუფებთან. ბენეფიციარებს მოსწონთ ერთად მუშაობა და ყოველთვის განწყობილნი არიან თანამშრომლობისკენ.
თიხის სახელოსნო
თიხის სახელოსნო აღჭურვილია უახლესი კერამიკული ღუმელით. სახელოსნოში სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ქართული მასალების (ქსნის და ნორიოს თიხები) გამოყენებით. სამუშაო პროცესი მოიცავს რამდენიმე ტექნიკას: ძერწვას, დაყალიბებას, სველი და მშრალი ტექნიკით ამოყვანას. ნამუშევრის სველ მასალაში დასრულების შემდეგ ხდება პირველი გამოწვა. პირველი გამოწვის შემდგომი ეტაპია ნამუშევრის მოხატვა-მოჭიქურება. მოხატვა მიმდინარეობს ფერადი ჭიქურებით და ჭიქურქვედა საღებავებით. ე.წ. ანგობებით. მოხატვის დასრულების შემდგომ გამჭვირვალე ან ფერადი ჭიქურით ხდება ნამუშევრის მოჭიქურება. ნამუშევრის მოხატვა-მოჭიქურების შემდგომ ხდება მისი დამასრულებელი გამოწვა 980 გრადუს ცელსიუსზე.
ბენეფიციარებთან ერთად თიხის სახელოსნოს სტუმრობს ნებისმიერი მსურველი, რაც ხელს უწყობს შშმ პირთა სოციალური ურთიერთობების გაფართოებას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში.
ინდივიდუალური სწავლება
სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სწავლება, ემყარება თითოეული ბენეფიციარის უნარების შეფასებას და ფოკუსირებულია მათი შესაძლებლობების განვითარებაზე. სასწავლო პროგრამაში შესულია საგანმანათლებლო საგნები: ქართული, მათემატიკა და სოციალური უნარ-ჩვევები. ძირითადი აქცენტი კეთდება სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავს ქუჩაში უსაფრთხოდ სიარულის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის, ფულის ნიშნების ცნობის და გამოყენების და სხვა სახის უნარებს და მნიშვნელოვანია ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. მეთოდური სწავლება მიმდინარეობს სურათ-ხატებით, აპლიკაციებით, ბარათებით. გაზაფხულობით იგეგმება პრაქტიკული გაკვეთილები, რაც ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოავლინონ და განიმტკიცონ შეძენილი ცოდნა.
დღის ცენტრში არსებული, მრავალფეროვანი ყოველდღიურობის გარდა, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სპექტაკლებისა და საზეიმო ღონისძიებების მოწყობას, ექსკურსიებს ქალაქგარეთ და ზღვაზე.