კამილიელთა სამედიცინო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი " "აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა მხარდამჭერი სისტემის გაძლიერება საქართველოში" - „Wzmocnienie systemu wsparcia osób z spektrum autyzmu (ASD) w Gruzji”. პროექტის მიზანი იყო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მხარდამჭერი სისტემის გაძლიერება საქართველოში.
პროექტის ფარგლებში ცენტრს ეწვია პოლონეთის ქალაქ რჟეშოვის შშმ ბავშვთა და აუტიზმის ცენტრ SOLIS RADIUS-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; ნეიროლოგოპედი; ADOS-2, ADIR, BOSCC, STAT TEST, M CHAT r -ის სერტიფიცირებული სპეციალისტი აგატა პენიონჟეკი. მან კამილიელთა გუნდს გაუზიარა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება სამუშაო სპეციფიკასთან დაკავშირებით. ტრენინგის მიმდინარეობისას განიხილეს ის თანამედროვე გაიდლაინები, რის მიხედვითაც საერთაშორისო სარეაბილიტაციო ცენტრები ხელმძღვანელობენ.
პროექტი ასევე მოიცავდა სპეციალისტთა სუპერვიზიას საერთაშორისო ტრენერის მიერ, რომლის თანხლებითაც კამილიელთა გუნდის წევრებმა შეაფასეს ბავშვთა მულტიფუნქციურ განვითარება, რის შედეგადაც, შეადგინეს პაციენტებთან მუშაობის ინდივიდუალური გეგმა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის ყოველი ტრენინგის ბოლოს განიხილავდნენ მათი პაციენტების საქმეებს. ეცნობოდნენ პაციენტთა ჯანმრთლობაზე ორიენტირებულ ახალ სამუშაო მეთოდებსა და მიდგომებს.
საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად ტრენინგები ყოველდღიურ რეჟიმში ტარდებოდა. პროექტი მოიცავდა 96 სატრენინგო საათს, რომელიც 6 თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.
პროექტი შეიქმნა პოლონურ ფონდ პროსპესა და კამილიელთა სამედიცინო ცენტრის თანამშრომლობის შედეგად. პროგრამა RITA - პროექტი "რეგიონი გარდამავალ პერიოდში" თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ. RITA "რეგიონი გარდამავალ პერიოდში" პროგრამას ახორციელებს ფონდი "განათლება დემოკრატიისათვის".
კამილიელთა სამედიცინო ცენტრი მადლობას უხდის ფონდ პროსპესა და პროგრამა RITA-ს პროექტის დაფინანსებისა და მათი გამოცდილების გაზიარება/თანამშრომლობისთვის.